Belive

ევრო 2024 | ყველაფერი პორტუგალიის ნაკრების შესახებ

2 კვირის წინ ფეხბურთი
7 წთ

დაარსება: 1921 წელი

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია: 1913 წლის 31 მარტს დაარსდა (კრუზ კუებრადა-დაფუნდო, ოეირასი, პორტუგალია)

ფიფას წევრი: 1923 წლიდან

უეფას წევრი: 1954 წლიდან

პრეზიდენტი: ფერნანდო გომეში

ფიფას რეიტინგი: 6 (2024 წლის 4 აპრილის მონაცემებით)

უმაღლესი რეიტინგი: 3

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 43

საშინაო არენა: ესტადიო ნასიონალი (კრუზ კუებრადა-დაფუნდო, ოეირასი, პორტუგალია)

მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

კაპიტანი: კრიშტიანუ რონალდუ

ს ტ ა ტ ი ს ტ ი კ ა

პირველი მატჩი: ესპანეთი - პორტუგალია 3:1

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: პორტუგალია - ლუქსემბურგი 9:0

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: პორტუგალია - ინგლისი 0:10

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: კრიშტიანუ რონალდუ (207)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: კრიშტიანუ რონალდუ (130)

მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 8 (დებიუტი 1966 წელს და იმავე გათამაშებაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი: მესამე ადგილი)

მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 9 (დებიუტი 1984 წელს, საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი 2016 წელს)

მონაწილეობა კონფედერაციის თასზე: 1 (2017 წელს და მესამე პოზიცია)

მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე: 4 (დებიუტი 1928 წელს, საუკეთესო შედეგი: მეოთხე ადგილი 1996 წელს)

ერთა ლიგის ისტორიაში პირველი ჩემპიონი 2018/19 წლების სეზონში

ი ს ტ ო რ ი ა

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული და ტიტულოვანი გუნდია. ქვეყანაში საფეხბურთო ცხოვრების გარიჟრაჟი, 1910-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაციის ჩამოყალიბება, შემდეგ კი მთავარი საფეხბურთო გუნდის შექმნაც მოხდა, რომელმაც პირველი მატჩი 1921 წელს გამართა.

1930 წლამდე, ანუ მსოფლიოს ჩემპიონატის შექმნამდე, ყველაზე დიდ სანაკრებო ფორუმად ოლიმპიური თამაშები ითვლებოდა, რომლის 1928 წლის გათამაშებაშიც პორტუგალია მიიწვიეს. ეს ნაკრების ისტორიაში პირველი დიდი ტურნირია, რაც შეეხება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს, აქ პორტუგალიელები 1966 წლამდე მოხვედრას ვერ ახერხებდნენ.

მიუხედავად პარაგრაფის დასაწყისში აღნიშნული ტიტულებისა, პორტუგალიის ნაკრების წარმატებები რეალურად 1980-იანი წლებიდან იწყება, ყველაზე გამორჩეული კი 2000-იანი წლებიდან ხდება, იქამდე ლეგენდარული ეუსებიოს თაობამ, ერთადერთმა მოახერხა და ინგლისურ მუნდიალზე არამხოლოდ მოხვდა, არამედ მესამე ადგილის დაკავება მოახერხა.

კონტინენტური მასშტაბის ყველაზე დიდ ტურნირზე პირველად პორტუგალიის ნაკრები 1984 წელს მოხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატის არ იყოს, იქაც ნახევარფინალში ითამაშა. ამის შემდეგ იწყება 12 წლიანი წყვეტა, ხოლო 1996 წლიდან კი ოქროს ხანა იწყება. სწორედ ინგლისში გამართული ევროპის ჩემპიონატია ის ტურნირი, რომლის შემდეგაც პორტუგალიის ნაკრებს კონტინენტური თუ საკონტინენტთაშორისო აღარცერთი უდიდესი გათამაშება არ გამოუტოვებია. არა თუ გამოტოვება, ოქროს თაობამ იმდენი მოახერხა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ოთხ, ევროპის კი შვიდივე გათამაშების პლეი-ოფში ითამაშა, აქედან ორჯერ, ფინალურ შეხვედრაში.

პორტუგალიის ნაკრების უდიდესი წარმატებების ზურგი ორმა სხვადასხვა თაობამ გაამაგრა. ჯერ ლუიშ ფიგუს, რუი კოშტას, დეკუს, ნუნუ გომეშის, ელდერ პოშტიგას თაობამ საშინაო ევროპის ჩემპიონატზე ფინალს უწია და იქ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედ, საბერძნეთის ნაკრებთან გახსნისა და დახურვის, შესაბამისად, ფინალური მატჩი დათმო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. სიმბოლურია, რომ ტურნირამდე მისასვლელ გზაზე, საქართველოს ნაკრებმა სწორედ საბერძნეთს აჯობა. მეორედ, ფინალში, პორტუგალია უკვე 2016 წელს, ამჯერად ფრანგულ ტურნირზე გავიდა და მასპინძელს შეხვდა. ამჯერად გუნდის ბირთვს რუი პატრისიო, პეპე, ჟოზე ფონტე, ვილიამ კარვალიუ, ნანი, რიკუარდო ქუარეჟმა, ჟოაო მოუტინიო და სხვები ლიდერობდნენ. სწორედ 2016 წელი აღმოჩნდა პოორტუგალიის ნაკრების სტაბილურად წარმატებული გამოსვლების ტიტულით დაგვირგვინების დრო, სადაც ედერის მიერ დამატებულ დროში გატანილი შორეული დარტყმით პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ორივე შემადგენლობაში პორტუგალიის ნაკრების მთავარი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ, რომელზეც შეგნებულად ერთ-ერთი ლიდერის ამპლუაში არ ვისაუბრეთ. 5 ოქროს ბურთის, 5 უეფას ჩემპიონთა ლიგის და სხვა არაერთი ტიტულის მრავალგზის მომგები და 900-მდე გოლის გამტანი ფეხბურთელი არამხოლოდ პორტუგალიის ნაკრების, არამედ სანაკრებო ფეხბურთის რეკორდსმენია. იმ სამ ფეხბურთელს შორის, რომლებმაც ნაკრებში სულ მცირე 100 გოლის გატანა მოახერხეს, ცხადია, ლეო მესისთან და ალი დაეისთან ერთად რონალდუც გახლავთ წარმოდგენილი. არამხოლოდ წარმოდგენილი, რონალდუ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით (130) მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. 207 მატჩით კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობის მიმღებია.

შ ე მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა

თანამედროვე პორტუგალიის ნაკრებს რაც შეეხება, აქ თაობათა ცვლის ფაზა მიმდინარეობს, სადაც უნიჭიერესი ახალგაზრდები სუპერვარსკვლავებს ნელ-ნელა ანაცვლებენ.

რამდენიმე ძალზედ გამოცდილი და მრავლისმნახველი ვარსკვლავისთვის ეს შესაძლებელია დასკვნითი ტურნირი აღმოჩნდეს, ახალგაზრდა ტალანტებისთვის კი პირიქით, თავის გამოჩენის და ახალ ეტაპზე გადასვლის საწყისი შესაძლებლობა.

25 წლის ჩათვლით 13 და 30 და უფრო მაღალი ასაკის მქონე 7 ფეხბურთელის სინთეზით, რასაც შუალედში 6 მოთამაშე ემატება, ევრო 2024-ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სწორედ პორტუგალიის ნაკრები მიიჩნევა. ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპის ელიტარული ლიგების წამყვან გუნდებში თამაშობენ და მათი რესურსით, რობერტო მარტინესს 2 აბსოლუტურად თანაბარი დონის ძირითადი შემადგენლობის შერჩევა შეუძლია. მაღალი კლასის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ნაკრები, რომელსაც ზურგს გამოცდილება და ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე წლის წინ მიღწეული ტრიუმფი უმაგრებს, პორტუგალიას ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს.

მ წ ვ რ თ ნ ე ლ ი

სამწვრთნელო შემადგენლობას რობერტო მარტინესი ხელმძღვანელობს. მაღალი კლასის ესპანელი მწვრთნელი, რომელსაც ახალი ამბიციები ამოძრავებს. ბელგიის ოქროს თაობად მონათლულ გუნდთან ერთად ტიტულის ვერ მოგების გამო არაერთხელ კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი სპეციალისტი მუნდიალზე მოპოვებული მესამე ადგილითა და „უიგანთან“ ერთად მოპოვებული ინგლისის ასოციაციის თასით მოიწონებს თავს.

მის კარიერაში ახალი ეტაპი 2023 წლის იანვარში, მუნდიალის შემდეგ დაიწყო, როცა ბელგიის ნაკრებიდან პორტუგალიაში გადაბარგდა. 15 მატჩიდან, რომელშიც მარტინესმა ახალ გუნდს უხელმძღვანელა, 13 მოიგო და 2-ში მეტოქემ იმარჯვა. რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებში სათამაშო ფორმაციების ცვლილებას არ ერიდება და როგორც 3 ცენტრალური მცველით, ისე ორი საყრდენი ნახევარმცველით და ასევე ორი ცენტრალური ფორვარდით აგებულ ტაქტიკას ხშირად მიმართავს.

სხვა სტატიები